logo
ENG



ქუთათელმა მიტროპოლიტმა ხელისუფლებას ამჯერად წყალტუბოში "მიაგო პატივი"

19 სექ 202018:50
3 წუთის საკითხავი
 
yuk5yfzpkyf331p.png

ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, გუშინ ბაგრატის ტაძართან ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებაზე დასწრების შემდეგ, ამჯერად წყალტუბოში დაესწრო ქართული ოცნების კანდიდატების წარდგენას. იგი ამბობს, რომ ამჯერად წყალტუბოს პარტიულ ღონისძიებაზე მიაგო ხელისუფლების წარმომადგენლებს პატივი. 

"თქვენ ეს კითხვა დამისვით უკვე და მე უკვე გიპასუხეთ და თუთიყუშები ვართ ჩვენ, თუ ვერ გავიგეთ? თქვენ მე გგონივართ ადამიანი, რომელსაც ჭკუა უნდა ასწავლოთ? ჩემი გამოსვლა იყო მხარდაჭერის? არა. მე მივაგე პატივი ხელისუფლების წარმომადგენლების მოსვლას აქ, გუშინაც და დღესაც", - უთხრა მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს. 

მღვდელმთავრების პარტიულ ღონისძიებაზე დასწრების შესახებ არაფერს ამბობენ საპატრიარქოში. მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გუშინ "ფორმულას" განუცხადა, რომ მღვდელმთავრები პარტიულ ღონისძიებებზე მისვლით კანონს არ არღვევენ და ეს მათი თავისუფალი გადაწყვეტილების საკითხია. 

"რა რეაქცია უნდა ჰქონდეს საპატრიარქოს? არ აქვს უფლება? რამე კანონს არღვევს? საპატრიარქოს შეუძლია რომ აუკრძალოს, თუ რა? მისი თავისუფალი გადაწყვეტილებაა", - ამბობს მამა ანდრია. 

დღეს ვანში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენას დაესწრო ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონიც. 

სამართლიანი არჩევნების შეფასებით, მმართველი პარტიის ღონისძიებებზე სასულიერო იერარქების დასწრება, ეკლესიის მიერ "ქართული ოცნების" მხარდაჭერის განცდას ქმნის. ISFED -მა მოუწოდა სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.



close დახურვა